ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "უკრაინის კრიზისზე“: ისტორია შეაფასებს, ვინ იყო მართალი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიიჩნევს, რომ ისტორია განსჯის „უკრაინის კრიზისის“ ყველა ნიუანსს, განსაკუთრებით იმას, თუ ვინ იყო მართალი და ვინ ჩაიდინა უსამართლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საომარი მოქმედებების შეწყვეტაა. ამის შესახებ მან ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ევროპული ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ჩინელი მინისტრის თქმით, „უკრაინის კრიზისი“ ერთ-ერთია იმ ორი ძირითადი საერთაშორისო ცხელი წერტილიდან, რომელიც იწვევს ნეგატიურ გავლენას მთელ მსოფლიოში და „კრიზისის“ გახანგრძლივება და გაფართოება არ შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს.


„ამ მომენტისთვის ყველაზე გადაუდებელია მშვიდობის აღდგენა,"- აღნიშნა ვანმა.

მისი თქმით, ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ნებისმიერი კონფლიქტის საბოლოო წერტილი არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.


„გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია," - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.

ვან ის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ როლს მშვიდობის აღდგენის საქმეში და მხარს დაუჭერს დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ ჩინეთი არ მიჰყიდდა რუსეთს სასიკვდილო იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს რუსეთის შეჭრა არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავის გავლენა და რუსეთს მოუწოდოს, დაასრულოს ომი უკრაინაში.